თბილისში მტკვარი დიდი რაოდენობით პოლიეთილენის ბოთლით და სხვა საგნებით არის დაბინძურებული. სპეციალისტების პირველადი მოკვლევით, საყოფაცხოვრებო ნარჩენები მდინარეში სავარაუდოდ წყლის დონის მომატების და ჩქარი დინების გამო მოხვდა, რაც ბოლო დღეების უამინდობამ განაპირობა.
მშვიდობის ხიდიდან ორთაჭალის ხიდამდე, იქ სადაც მტკვარი ყველაზე მდორედ მოედინება პლასტმასის ბოთლებით მდინარის ზედაპირის დიდი ნაწილი თითქმის დაფარულია. თვითმხილველთა განმარტებით, მტკვარმა პლასტმასის ბოთლები დილიდან წამოიღო.
„ნაგავი, რომელიც დღეს მტკვარში მოხვდა, ის ნაგავია, რომელსაც ხალხი არასწორ ადგილზე ყრის. შემდეგ ეს ნაგავი გროვდება და წყალდიდობის დროს მდინარეებს ჩამოაქვთ, ამის შემდეგ უკვე ხვდება თბილისში. დიდი ბადეებით მტკვარი ლოკალურად დასუფთავდება. ქალაქის მერთან გვქონდა საუბარი, დედაქალაქის მერიაში მზადდება ღონისძიებები, რომ ზოგადად თბილისი იყოს დაცული, ასე ვთქვათ, ნაგვის მსგავსი დივერსიებისგან. მტკვარში ნაგვის მოხვედრის საწინააღმდეგოდ პრევენციული ღონისძიებები აუცილებლად უნდა გატარდეს.” - განაცხადა გარემოს დაცვის მინისტრმა გოგა ხაჩიძემ.
„დიდი რაოდენობით ნაგავი, რომლის უმეტესობა პოლიეთილენის ბოთლებია, შესაძლოა მტკვარში მიზანმიმართულად მოხვდა” - ამ ვერსიას ქალაქის კეთილმოწყობის სამსახურის ხელმძღვანელობა გამოთქვამს.
საქმის მოკვლევაში შესაბამისი უწყებებიც ჩაერთვებიან და ამ ვერსიის დადასტურების შემთხვევაში დამნაშავე პირები უმკაცრესად დაისჯებიან.
გარემოს დაცვის სამინისტრო, ქალაქ თბილისის მერიის კეთილმოწყობის და საგანგებო სიტუაციების სამსახურები, ასევე დასუფთავების სამსახური ყველა ღონისძიებას ჩაატარებს და თუ საჭირო იქნება ეს სამუშაოები რამდენიმე დღის განმავლობაში გაგრძელდება.